Monday, June 19, 2017

2014 წელი, რუსთავის მერი: „მოვახდენთ არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ავაშენებთ ახალს“


გასულ თვითმმართველობის არჩევნებზე, რუსთაველებს მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი დავით ჯიქია, არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ახალი სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობას დაჰპირდა. თავის საარჩევნო კლიპში (ვიდეო)ჯიქია ამბობდა: „მოვახდენთ არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციას და ავაშენებთ ახალს.“

Thursday, June 8, 2017

საჯარო მოხელეების მივლინებები – საქმე თუ გართობა?

გასულ წელს, რუსთავის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების მივლინებებისთვის 36 424 ლარი, ხოლო საკრებულოს წევრების მივლინებებისთვის 53 863 ლარი დაიხარჯა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა ღონისძიებებისთვის მიდიან რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენლები მივლინებებში და რა კონკრეტული შედეგი დგება ამ ვიზიტებით.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მერაბ სულაბერიძე ერთ-ერთი მივლინებით ფილიპინებში (2015 წელს) იმყოფებოდა. მივლინებისას მან „ბელადის“ როლი მოირგო – საზოგადოებამ ამის შესახებ Facebook-ში გამოქვეყნებული ფოტოთი შეიტყო.

Thursday, May 11, 2017

რუსთავში მუნიციპალურ შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში შრომითი ანაზღაურებისთვის 12 მილიონ 546 490 ლარი დაიხარჯა (kvemokartli.ge)



„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალმა kvemokartli.ge” რუსთავის მერიისგან მუნიციპალურ შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში, 2016 წელს, დასაქმებულ პირთა რაოდენობასა და შრომით ანაზღაურებაზე ინფორმაცია გამოითხოვა. უწყობის მოწოდებული მონაცემების თანახმად, გასულ წელს, რუსთავის მუნიციპალურ შპს-ებსა და ა(ა)იპ-ებში 2 440 ადამიანი მუშაობდა. საერთო ჯამში მათი შრომითი ანაზღაურებისთვის, 2016 წელს, 12 მილიონ 546 490 ლარი დაიხარჯა.

ინფოგრაფიკა - გენდერული ნიშნით ძალადობა ქვემო ქართლში - 25 აპრილი 2017 (Kvemokartli.ge)

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდამ“ ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე კვლევა მოამზადა. შედეგები გასული თვის ბოლოს გახდა ცნობილი. ორგანიზაციამ, ზოგადი ტენდენციების აღმოსაჩენად, კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი მოდელები გამოიყენა. სამუშაო შესრულდა პროექტის ფარგლებში: ,,იურიდიული დახმარებისა და სტრატეგიული სამართალწარმოების სერვისები ქვემო ქართლში.“

Wednesday, April 19, 2017

გაჩიანელ მოსწავლეებს უფასო ტრანსპორტი დაუნიშნეს


„ ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს რვათვიანი მუშაობის შედეგად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის,  გაჩიანის დასახლების არაქართულენოვან მოსწავლეებს უფასო ტრანსპორტი დაუნიშნეს. 60-მდე მოსწავლეს განათლების სამინისტრომ სამარშუტო მიკროავტობუსი გამოუყო, რომელიც მათ გაჩიანიდან რუსთავში ჩაიყვანთ. 

(უზრუნველყოფს ასევე, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ მათ გაჩიანში მიყვანას)
რუსულენოვანი სექტორის მქონე, რუსთავის მე-3 საჯარო სკოლაზე მოსწავლეთა არჩევანი ქართულის არასახარბიელო ცოდნის გამო შეჩერდა. და იმის გამოც, რომ უკვე წლებია გაჩიანის დასახლებიდან ოჯახების ნაწილი, საშუალო განათლების მისაღებად, ამ სკოლას ირჩევს.

Wednesday, March 8, 2017

დავით ჯიქია სტუდენტური ავტობუსების შესახებ: „ჯერჯერობით ყველაფერი შესწავლის სტადიაშია“

(გიორგი ბეგაძე, დავით ჯიქია)
რამდენიმე კვირის წინ, რუსთავის მაჟორიტარმა გიორგი ბეგაძემ ახალი ინიციატივა გააჟღერა. ბეგაძე საუბრობდა სტუდენტებისთვის რუსთავი-თბილისის მიმართულებით ავტობუსების დანიშნვაზე. საკითხზე მაჟორიტარი „ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალსაც - KKPRESS.GE" ესაუბრა. ბეგაძე აცხადებს, რომ თემაზე მოლაპარაკებები დაწყებულია ყველა შესაბამის უწყებასთან.

ინიციატივას რუსთაველების დადებითი შეფასება მოყვა. საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია. თუმცა ვითარება, სამწუხაროდ, ასე მარტივად არ გამოიყურება.  

თემაზე კომენტარს რუსთავის მერი აკეთებს:

Saturday, March 4, 2017

რას აკეთებენ არჩეულები ?!


„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა, რა სამუშაო შეასრულეს ამ დროისთვის რეგიონის არჩეულმა მაჟორიტარებმა. ამჯერად ვსაუბრობთ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძესთან.

რა სამუშაო შეასრულეთ ამ დროისთის? რა საკანონმდებლო ინიციატივები გქონდათ?

მე ვფიქრობ, ეს საქმიანობა არის ძალიან საპასუხისმგებლო. ასეთი გამოთქმა არსებობს „იჩქარე ნელა." საკანონმდებლო ინიციატივაც და საერთოდ აქტივობებიც თანმიმდევრულ პროცესშია ჩართული. ვამზადებთ ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივასაც და მთლიანად ქალაქისთვისაც გვაქვს სხვადასხვა ინიციატივები. ასე ვთქვათ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ პროცესებს.

Friday, February 24, 2017

სავალან მირზოევი: „მე, როგორც ჩემი სხვა კოლეგები უმრავლესობიდან, მხარს ვუჭერ მოსმენების შესახებ კანონპროექტს“





„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა, რა სამუშაო შეასრულეს ამ დროისთვის რეგიონის არჩეულმა მაჟორიტარებმა. ამჯერად ვსაუბრობთ, გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატ სავალან მირზოევთან.

რა სამუშაო შეასრულეთ ამ დროისთვის? რომელ კანონპროექტზე მუშაობდით?

ამ ეტაპზე, კანონპროექტზე არ მიმუშავია. ძირითადად, ვმუშაობ ჩემ რაიონში არსებულ პრობლემებზე. დავიწყეთ მიწის პრობლემის შესწავლა. კონკრეტულად კი ვმუშაობთ სოფელ ლემშვენიერაში არსებულ მიწის პრობლემაზე.

Saturday, February 18, 2017

რას აკეთებენ არჩეულები ?! - 18 თებერვალი 2017

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა, რა სამუშაო შეასრულეს ამ დროისთვის რეგიონის არჩეულმა მაჟორიტარებმა. ამჯერად ვსაუბრობთ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ პაატა მხეიძესთან.

უკვე ასი დღე გავიდა ჩვენი დელეგირებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ მაჟორიტარის ბიურო ფუნქციონირებს გამართულად. ვღებულობთ მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სხვადასხვა სახის სოციალური პრობლემები. მეტ-ნაკლებად ვახერხებთ მათი პრობლემების გადაწყვეტას.

მგზავრი, როგორც უსულო ტვირთი



07 თებერვალი 2017


ხალხი, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი იძულებულია გადაადგილდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სიტყვა „იძულებულია“ არაა შემთხვევით გამოყენებული და თუ რატომ, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
როგორ გრძნობს მომხმარებელი თავს მუნიციპალურ ავტობუსში, შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში - ამას რუსთავის მაგალითზე ვნახავთ. ვიწყებთ რუსთავის მუნიციპალური, ე.წ. ყვითელი ავტობუსებით.

მეზობლების ახალი წელი



09 იანვარი 2017
 

ბაქოს ცენტრალური ქუჩების ნაწილი საახალწლო განათებებითაა მორთული. საზეიმო განწყობა იგრძნობა მრავალსართულიან სავაჭრო ცენტრებსა და გასართობ ადგილებშიც. ადამიანები ოჯახებთან ერთად სტუმრობენ ბაქოს ბულვარს, საახალწლო ბაზრობას, ყიდულობენ საჩუქრებს. ყველაფერი თითქმის ისევეა, როგორც ჩვენთან. ალბათ, ჩვენნაირად საახალწლო დღეებში ბაქოელებიც ცოტათი იმაზე ბედნიერები არიან, ვიდრე სხვა დღეებში.

როცა შენი მეზობელი კასპის ცემენტის საწარმოა...


30 ნოემბერი 2016 წელი 

ერთი კედელი და 10-15 მეტრი ჰყოფს ერთმანეთისგან „ჰაიდელბერგ ცემენტის“ კასპის საწარმოს და ფარნავაზ-მეფის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახებს. საწარმოსთან სიახლოვე ადგილობრივებს მშვიდი ცხოვრების შესაძლებლობას ართმევს.
ნათელა თათარაშვილი და მანანა მარგიანი ამ ქუჩაზე ცხოვრობენ. გვიყვებიან, რომ საწარმოდან დანადგარების და ღუმელების მუშაობის ხმა მთელი დღე-ღამის განმავლობაში ისმის. ასევე 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მათ ქუჩაზე  საწარმოს სატვირთოები მოძრაობენ. „გარდა იმ ხმაურისა, რასაც ეს სატვირთოები იწვევენ,

„სიყვარულით“ რუსეთისგან


(15 დეკემბერი 2016 წელი)

თანამედროვე სამყაროში ბრძოლის იარაღები იმდენად შეიცვალა, რომ ხშირად რთულია იმის გარჩევა, საერთოდ გვაქვს თუ არა საქმე იარაღთან. პროპაგანდა სწორედ ის საშუალებაა, რომელიც კონკრეტული იარაღივით არ გამოიყურება. თუმცა ეს არ ართმევს მას ძალას  - სახელმწიფო, როგორც ერთი დიდი გემი, სწორი მიმართულებიდან შემოაბრუნოს და ფსკერამდე ჩაიყვანოს.
თანამედროვე სამყარომ აითვისა ინფორმაცია, როგორც „რბილი ძალის“ ერთ-ერთი მთავარი ძრავა. არაა აუცილებელი დიდი დანახარჯები სამხედრო ტექნიკაზე, სამხედრო მიმართულებით ადამიანური რესურსის მომზადებაზე - საკმარისია შექმნა მცდარი ინფორმაციის გამავრცელებელი საინფორმაციო მანქანები და შედეგი ნელ-ნელ დადგება.

Tuesday, November 1, 2016

ღიად დატოვებული ორმოები


საფრთხე ჭიათურის სოფლებისთვის

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წიაღისეულის გარემოს დაცვის სტანდარტების დარღვევით მოპოვებაზე ჩივიან. „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიების მუშაობის შედეგად სოფლებში -რგანსა და თაბაგრებში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს 7-8-მეტრიანი ორმოებია ამოთხრილი. ადგილობრივები გაუთავებელ ხმაურზე, მტვერზე, მძაფრ და შემაწუხებელ სუნზე, დაბინძურებულ სასმელ წყალსა და დაზიანებულ სოფლის გზებზე საუბრობენ. მოითხოვენ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას.

,, ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი“ - წერია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში.

Wednesday, October 26, 2016

ბოშების რთული გზა სკოლისკენ - 19 ოქტომბერი 2016


გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლებაში ბოშების სახლებისკენ მიმავალი გზა ასფალტის საფარიანი მონაკვეთის  დასრულების შემდეგ იწყება. ჩნდება სახლები, რომელთა დანახვაზე გახსენდება სიტყვები - „სიღარიბე“, „სიცივე“ და უკვე ზუსტად იცი – ჭრელ კაბებში მოცეკვავე, ჟღარუნასამკაულებიანი ბოშები მხოლოდ ფილმის გმირები არიან, რომელსაც ამჯერად რეალობა არ დაგახვედრებს.
ანიუტა ამ დასახლების ყველაზე ლამაზი მე-3 კლასელი ბოშა გოგოა. აქ არიან სხვა ბავშვებიც, როლებმაც, ძირითადად, მხოლოდ რუსული იციან. ამის გამო ისინი სკოლაში არა გაჩიანში, არამედ რუსთავში დადიან, სადაც რუსული სექტორი არსებობს.

დევნილები ოსი და აფხაზი მეგობრების შესახებ - 17 ოქტომბერი 2016

ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობები, რომელიც ომით არ იწყება...


(თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიკოდა - დევნილთა კომპაქტური დასახლება)
ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები, უკვე ორ ათეულ წელზე მეტია ეთნიკურად ქართული მოსახლეობის გარეშე აგრძელებენ ცხოვრებას. ჩვენმა დევნილებმა მეტ-ნაკლებად აუღეს ალღო ახალ გარემოებებს: ცხოვრობენ კომპაქტურ დასახლებებში, ზოგმა საცხოვრებელი მიიღო, ზოგიც დღემდე ელის - ცხოვრება ოკუპირებულ რეგიონში კი სულ სხვაგვარად მიდის.
ერთი კი, რაც დევნილებს და აფხაზეთ-ცხინვალის რეგიონში დარჩენილებს აერთიანებთ  - ეს ახალი თაობაა, რომელსაც ძირითადად მხოლოდ კონფლიქტის შესახებ აქვს ინფორმაცია.  

Monday, September 5, 2016

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში ამომრჩეველთა ინფორმირებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა - 04 სექტემბერი 2016

„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" ქვეყნის რვა რეგიონში ახორციელებს პროექტს: „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისათვის."


პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონული მედიასაშუალებების მიერ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის ჩატარებას, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდისა და მათი გააქტიურებისთვის. რათა ამომრჩევლებმა შეძლონ გააზრებული, დემოკრატიული არჩევანის გაკეთება და შემდგომ პროცესებში მონაწილეობა. მოხდება საქართველოს 8 რეგიონში (სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, იმერეთი, გურია, სამეგრელო და აჭარა)

Friday, September 2, 2016

გარდაბანში მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია გაშლილი სუფრის თანხლებით მიმდინარეობს 02.09.2016




ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი სავალან მირზოევი საარჩევნო კამპანიას ტკბილეულით გაშლილი სუფრის თანხლებით მართავს. მაჟორიტარობის კანდიდატი მსგავსი შეხვედრის ფოტოებს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ფოტოებზე ასახულია 20-30 კაცზე გაშლილი სუფრა, სადაც შეგიძლიათ იხილოთ ჩაი, ხილი და  ტკბილეული. მხოლოდ ერთ შემთხვევაში ვკითხულობთ, რომ მაჟორიტარობის კანდიდატს თავად ადგილობრივები გაუმასპინძლდნენ.

 „ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარმა კანდიდატმა, სავალან მირზოევმა მოსახლეობასთან შეხვედრა სოფელ ლემშვანიერას მაცხოვრებლებთან ვიზიტით და მათი პრობლემების მოსმენით დაიწყო. სვანებმა კანდიდატი სვანური კუბდარის დაგემოვნების გარეშე არ გამოუშვეს“, - ნათქვამია კანდიდატის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

Tuesday, August 30, 2016

ყიზილაჯლოში თვითმმართველობის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა


გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, „ქვემო ქართლის პრესა/KKPRESS" ახორციელებს პროექტს: „ ინფორმაცია მოდის შენს სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის."

პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-აზერბაიჯანული  (რვა გვერდიანი, ტირაჟი 500) გაზეთი „ქვემო ქართლი," რომელიც ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.


აგრეთვე თვითმმართველობის კოდექსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, დღეს  მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა. ღონისძიების მომხსენებელმა, დოქტორანტმა საჯარო მმართველობის საკითხებში (რევაზ ეგაძე) ყიზილაჯლოს მაცხოვრებლებს

Friday, August 26, 2016

სავალან მირზოევი - „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი გარდაბნის მუნიციპალიტეტში

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" აგრძელებს მაჟორიტარობის კანდიდატების საზოგადოებისთვის გაცნობას. ამჯერად „ქართული ოცნების" გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს სავალან მირზოევს ვესაუბრებით.
კითხვაზე რა არის მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული საკითხი ამბობს, რომ გარდაბანი აგრალური რაიონია, თუმცა მიუხედავად ამისა მოსახლეობას არ აქვს სრული ინფორმაცია ამ მიმართულებით არსებულს სახელმწიფო პროგრამებზე. შესაბამისად, საარჩევნო პროგრამის ნაწილს მოსახლეობისთვის ამ ინფორმაციის მიწოდებაზე აგებს.

გარდაბანსა და რუსთავში ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” წარწერები დაუტოვეს და ერთი დროშაც მოპარეს - 25 აგვისტო 2016


დღეს, სავარაუდოდ, გამთენიისას საარჩევნო ბლოკ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" შექმნით უკმაყოფილო საზოგადოების ნაწილმა, იერიში ამ გაერთიანებაში შემავალი პარტიების ოფისებზე მიიტანა.

რუსთავში ბურჭულაძის ოფისს მიაწერეს „პაატა+ბიძინა/41" აგრეთვე, ბურჭულაძით უკმაყოფილო წარწერის ავტორმა, რატომღაც ოფისის კართან ჩამოკიდებული ერთი დროშაც გააყოლა ხელს. საარჩევნო ბლოკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკვე მიმართეს სამართალდამცავებს.

ჩვენი კოლეგები იუწყებიან კახეთიდან, რომ დღეს დილით ასეთივე წარწერები დახვდათ, ოფისის ფასადზე, ბურჭულაძის პარტიის გურჯაანის წევრებს.

„ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებს შეხვდნენ + (ვიდეო) - 24 აგვისტო 2016

„ქართული ოცნება" აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაზე გადადის. მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, 23 აგვისტოს, მმართველი გუნდის რჩეულები ამომრჩევლებს შეხვდნენ.
მარტივი სცენარით დაგეგმილი ღონისძიება, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, 20 საათზე დაიწყო. შეხვედრის დამსწრეთა ნაწილი საჯარო დაწესებულებების თანამშრომლები გახლდნენ. სიტყვით შეკრებილებს თავდაპირველად რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ მიმართა, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელია. ჯიქია, რომელიც არაოფიციალური ინფორმაციით ქალაქის მაჟორიტარობაზე არც თავად იტყოდა უარს, შეკრებილებს კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა. სიტყვით გამოვიდნენ მაჟორიტარობის კანდიდატები - პაატა მხეიძე და გიორგი ბეგაძე.

Thursday, August 25, 2016

მარნეულის ჩართულობის ცენტრი - დემოკრატიის „კუნძული“ ქვემო ქართლის რეგიონში/ Marneuli Mülki Məşğulluq Mərkəzi – Kvemo Kartli regionunda demokratiya “adası” - 25 აგვისტო 2016

მკითხველისთვის მარნეულის სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრით" ვიწყებთ. მარიამ სამხარაძე ამ ცენტრის კოორდინატორია. ამბობს, რომ გახსნის დღიდან დღემდე  110 ღონისძიება ჩაატარეს. თემატიკა იყო მრავალფეროვანი: განათლების სისტემის პრობლემები მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული დისკუსიები, ადგილობრივი ბიუჯეტის განხილვები, საჯარო შეხვედრები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან - აგრეთვე, ორგანიზება გაუწიეს ღონისძიებებს, სხვა ლოკალურ დონეზე აქტუალურ საკითხებზეც.

მარიამ,  რომელი ორგანიზაციის მიერ შეიქმნა თავდაპირველადჩართულობის ცენტრებირამდენია ქვეყნის მასშტაბითმათიშექმნის მიზანი რა იყოახლარომელი ორგანიზაცია მართავს ამცენტრებსდა როგორია სტატუსი?

2011 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დახმარებით საქართველოს 10 რეგიონში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები დაარსდა. მათგან 6 აღმოსავლეთ საქართველოშია, 4 - დასავლეთში. ქვემო ქართლში ორი ცენტრია - მარნეულსა და რუსთავში.

Sunday, August 21, 2016

media.ge-ს რედაქტორი: „ ჯერ კისერში მწვდა, შემდეგ ხელში და კამერა გამითიშა“ - 18 აგვისტო 2016

დავით მჭედლიძე media.ge-ს რედაქტორი, ამ წუთებში აქვეყნებს ვიდეო მასალას, რომელიც პროფესიული საქმიანობის დროს გადაიღო.

„დამირეკეს და მითხრეს, რომ რუსთავის გაგარინის ქუჩის ერთ-ერთი შენობიდან ხდებოდა, სავარაუდოდ, უკანონოდ შესული მოქალაქეების გამოსახლება. ადგილზე, რომ მივედი დაბლა პოლიცილები იდგნენ თავისთვის. დავიწყე მუშაობა, რამდენიმე ფოტო გადავიღე. შემდეგ ავედი ზევით. მალევე გაირკვა, რომ ადგილი ჰქონდა ერთი ფართის გამო მოქალაქეებს შორის დავას. მითხრეს, რომ ოთახში იმყოფებოდნენ ეს მოდავე მხარეები, პოლიციელები და სხვა პირებიც. თავიდან, რომ შევაღე კარი ამ ახალგაზრდამ არ ვიცი საპატრულოს თანამშრომელი იყო, კრიმინალურის, თუ ვინ იყო  - ხელი მკრა აქედან დაახვიე-ო, მსგავი სიტყვები მიწოდა. მე ეგრევე ვუთხარი ჟურნალისტი ვარ-მეთქი, მაგრამ გამომაგდო. შემდეგ უკვე ჩავრთე კამერა და ისე შევედი.

„ნეტა, არჩევნები ყოველ წელს იყოს…“ - 18 აგვისტო 2016


რუსთავის სამივე ცენტრალურ გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება როგორც გზების, მის გარშემო ინფრასტრუქტურის, ასევე, კოსტავას გამზირის შემთხვევაში, შენობების ფასადების მოწესრიგებაც. ქალაქის ისტორიაში პირველად, ერთი გამზირის ნაწილის (კოსტავას გამზირი - 19 შენობა) რეაბილიტაციისთვის 4 მილიონ 449 998 ლარი იხარჯება. მიმდინარეობს შენობების ფასადების სრული აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე, მათ წინ არსებული გზის შუა გამყოფი ზოლების, გზაჯვარედინების, ფეხით მოსიარულეთა ბილიკებისა და პარკირების ადგილის ქვაფენილით მოპირკეთება. იგეგმება გაზონების მოწყობა და 100-მდე დეკორატიული ხის დარგვა.

ქართულ-აზერბაიჯანული გაზეთი „ქვემო ქართლი“ რეგიონში „მოგზაურობს“ - 09 აგვისტო 2016

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ააიპ „ქვემო ქართლის პრესა/KKPRESS" ახორციელებს პროექტს: „ ინფორმაცია მოდის შენს სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის."
პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-აზერბაიჯანული (რვა გვერდიანი, ტირაჟი #500) გაზეთი „ქვემო ქართლი," რომელიც ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

მუნიციპალიტეტების მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე საინფორმაციო შეხვედრები იმართება - 08 აგვისტო 2016

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, „ქვემო ქართლის პრესა/KKPRESS" ახორციელებს პროექტს: „ ინფორმაცია მოდის შენს სოფელში - რეგიონული მედია მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი დემოკრატიის მხარდაჭერისთვის." 

პროექტის ფარგლებში გამოიცა ქართულ-აზერბაიჯანული  (რვა გვერდიანი, ტირაჟი 500) გაზეთი „ქვემო ქართლი," რომელიც ვრცელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

აგრეთვე თვითმმართველობის კოდექსის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის, 8 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა. ღონისძიების მომხსენებელმა, დოქტორანტმა საჯარო მმართველობის საკითხებში (რევაზ ეგაძე) თამარისის მაცხოვრებლებს მიაწოდა ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე. შეხვედრის ნაწილი, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ადგილობრივების მხრიდან დასახელდა სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ამბულატორიაში ბუნებრივი აირის უქონლობას უკავშირდება. დაისახა პრობლემის მოგვარების სამართლებრივი გზები.

Sunday, August 7, 2016

საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურეობრივი ავტომობილი „ოცნების“ აქციაზე

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი
http://humanrights.ge/

3 აგვისტოს, რუსთავში რუსთაველის ქუჩაზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
 
სცენის უკან მდგარ მანქანების კოლონაში humanrights.ge-მ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით მაღლაკელიძისსამსახურეობრივი ავტომობილი, ნომრებით RST 041 შენიშნა. გადაღების მომენტში კადრში მოხვდა თავად საკრებულოს თავმჯდომარე. თუმცა, ჩვენ არ შეგვინიშნავს ავტომობილიდან მისი გადმოსვლის ფაქტი, რადგან გადაღების დაწყებისას მანქანაში არავინ იჯდა. 

როგორ აღმოჩნდა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურეობრივი ავტომობილი „ოცნების“ პარტიულ აქციაზე? ამ კითხვაზე დავით მაღლაკელიძე აცხადებს, რომ პარტიულ ღონისძიებაზე თვითმმართველობის ავტომობილის მიყვანა, მისი მძღოლის პირადი გადაწყვეტილება იყო.

სამირა ისმაილოვა: ბოლნისში, ადგილობრივ დონეზე, 2012 წლის შემდეგ არცერთი პროექტი არ განხორციელებულა

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ბოლნისის მაჟორიტარობის კანდიდატად სამირა ისმაილოვა წარადგინა. მოსახლეობასთან შეხვედრისას, ისმაილოვამ შემდეგი განცხადება გააკეთა: “ადგილობრივ დონეზე, 2012 წლის შემდეგ, არცერთი პროექტი არ განხორციელებულა”.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
სხვადასხვა უწყებიდან მიღებული ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით, 2012 წლიდან დღემდე არაერთი პროექტი განხორციელდა. მაგალითად, მხოლოდ 2016 წელს შესრულებული და მიმდინარე პროექტების ნაწილი ასე გამოიყურება: საბავშვო ბაღებისრეაბილიტაცია, გზების მოასფალტება და საკანალიზაციო/სანიაღვრე სისტემების მოწესრიგება. ასევე, აღსანიშნავია დაბა კაზრეთში სოციალურად დაუცველთათვის მრავალბინიანი სახლის მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 305 748 ლარი დაიხარჯა.

დავით კირკიტაძე: რუსთავის ხელმძღვანელობამ ველოტრასების მშენებლობა შეაჩერა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ წინასაარჩევნო ვიდეო რგოლში რუსთავში ველოგზების მშენებლობის შეჩერებაზე ისაუბრა და განაცხადა: “რუსთავს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმისა, რომ ველოსიპედი გახდეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტრანსპორტი ქალაქში. სამწუხაროა, რომ რუსთავის ხელმძღვანელობამ ყველაფერთან ერთად ველოტრასების მშენებლობაც შეაჩერა”.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
რუსთავის მერიის ინფორმაციით, ველოგზების მოწყობა ამჟამად მესხიშვილის ქუჩის და მეგობრობის გამზირის #1 და #2 კორპუსებთან მიმდინარეობს. თუმცა, საპროექტო ხელშეკრულების მიხედვით, მეგობრობის გამზირის ორ მონაკვეთზე მხოლოდ გაზონების და ტროტუარების მოწყობა, მესხიშვილის ქუჩაზე კი (ხელშეკრულების მიხედვით) – ბეტონის საფარის რეაბილიტაცია, საპარკინგე ადგილის მოწყობა და ტროტუარების რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამის ხელშეკრულებებში, შესასრულებელ სამუშაოებს შორის ველოგზების მოწყობა მითითებული არ არის.

მამუკა ჩიქოვანი: რუსთავში, ხალხის საკუთრებაში არსებული სპორტული მოედნის დემონტაჟი პირადი მიზნებისთვის ხდება

“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა რუსთავში, თოდრიას და ქუჩიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის დემონტაჟი გააპროტესტა. ადგილზე მისულმა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ეს სტადიონი იყო ირგვლივ მაცხოვრებლების მოთხოვნის შედეგად აშენებული და, შესაბამისად, არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს თავისი პირადი მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ეს არის ხალხის საკუთრება. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ზრუნავს, საერთოდ არ ითვალისწინებს ხალხის სურვილებს, ხალხის მოთხოვნებს. ერთადერთი, ის დაკავებულია თავისი პირადი კომფორტის უზრუნველყოფით და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა მიიტანოს სახლში”.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.

ბესიკ წიკლაური: თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა

26 ივნისს, 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას, თეთრიწყაროს გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა განაცხადა: “თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე არსებული სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ასევე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათება მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 27 336 ლარი შეადგინა”.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მუნიციპალიტეტიდან აღნიშნულ საკითხზე გამოთხოვილი დოკუმენტაციის თანახმად, სამუშაოები შპს “თეგმა” შეასრულა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, შესყიდვით აღებული ვალდებულებები შესრულდა. კერძოდ, განხორციელდა: დამცავი ღობეების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხელოვნური საფარის მოწყობა, სკამების წინ დამცავი მცირე ღობის რეაბილიტაცია, ფოლადის მილების, ელექტროგაყვანილობის და პროჟექტორების მონტაჟი.

ზვიად ძიძიგური: რუსთავი ქალაქის დატბორვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა რუსთავს მოშორდება

გასული წლის მარტში, რუსთავში სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად მილიონ ლარამდე ღირებულების ოთხი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მაშინ, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსთავს ამ კუთხით პრობლემები მოეხსნებოდა. ამ თემაზე მედიასთან კომენტარი რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმაც გააკეთა: “ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დაინახავენ რუსთაველები, რომ ეს პრობლემა, რომელიც იყო ყველა ავდრის პირობებში, მართლა სერიოზული პრობლემა, რუსთავს მოშორდება”.
ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, შესრულდა თუ არა ეს პირობა გასული ერთი წლის მანძილზე.
მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად რუსთავში თითქმის მილიონამდე ლარი დაიხარჯა, 2016 წლის 4 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა რუსთავის მე-7 მიკრორაიონი დატბორა (იხ. ბმული). კონკრეტულად კი, პრობლემები სწორედ იმ მონაკვეთში შეიქმნა, სადაც ზემოხსენებული პოექტებიდან ყველაზე ძვირადღირებული – 449 ათას ლარიანი პროექტი განხორციელდა.

დავით კირკიტაძე: რუსთავის მერია 8 მლნ ლარს ხარჯავს 15 სახლის ფასადის და ერთი ქუჩის რეაბილიტაციაში, მაშინ, როცა ქალაქში უამრავი უსახლკაროა

9 ივლისს “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარობის ერთ-ერთ კანდიდატად დავით კირკიტაძე დასახელდა. ამავე შეხვედარზე კირკიტაძემ მოსახლეობას მიმართა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც რუსთაველების არცთუ მცირე ნაწილს თავშესაფრის პრობლემა აწუხებს, რუსთავის მერია სოლიდურ თანხას მხოლოდ კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციის პროექტში ხარჯავს.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ამ დროისთვის რუსთავში კოსტავას გამზირის ნაწილის რეაბილიტაცია მართლაც მიმდინარეობს. რუსთავის მერიის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით, მიმდინარე წლის 4 აპრილს შპს “დაგთან” ხელშეკრულება დაიდო, რომელიც 19 შენობის ფასადის რეაბილიტაცია-მინათებების და კოსტავას გამზირის სრულად მოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ღირებულება 4 მლნ 448 ათასი ლარია. ამავე ხელშეკრულების თანახმად, პროექტისთვის გამოყოფილი თანხის 5%-ს (222 499 ლარი) ადგილობრივი ბიუჯეტი, დანარჩენ 95%-ს კი ცენტრალური ბიუჯეტი იხდის.

ქვემო ქართლი - „ქართულმა ოცნებამ“ ყოფილი „ნაციონალები“ მაჟორიტარობის კანდიდატებად წარადგინა - 04 აგვისტო 2016


"ქართულმა ოცნებამ" ქვემო ქართლში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წალკასა და დმანისში პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატად კახა ოქრიაშვილი დაასახელა. პრემიერმა მისი წარდგენისას განაცხადა, რომ ოქრიაშვილი პარლამენტის დეპუტატია, თუმცა საკითხი არ განავრცო და არ ახსენა, რომ ოქრიაშვილი 2012 წელს პარლამენტში აღმოჩნდა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი, დმანისის რაიონიდან. მოგვიანებით ოქრიაშვილმა ოპოზიციაში ყოფნას დამოუკიდებელი დეპუტატობა არჩია და „ნაციონალური მოძრაობა" დატოვა.

Monday, July 18, 2016

მარნეულის გამგებელი შესრულებულ პროექტებზე და მუნიციპალიტეტში დაგეგმილ სიახლეებზე საუბრობს

კითხვებს მარნეულის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი პასუხობს. ვრცელი ინტერვიუ მუნიციპალიტეტში შესრულებულ პროექტებს და იმ სირთულეებს ეხება, რომელთა დაძლევასაც ადგილობრივი ხელისუფლება წელს გეგმავს.  

თქვენი გამგებლად არჩევის შემდეგ, რომელი მასშტაბური პროექტები განხორციელდა მარნეულის მუნიციპალიტეტში?

 მოგეხსენებათ, რომ მარნეულის მოსახლეობის წინაშე,  წლების განმავლობაში მწვავე პრობლემას სასმელი წყლის უქონლობა წარმოადგენდა. ამ მიმართულებით  ჩვენ გუნდს, მძიმე მემკვიდრეობა დახვდა. სასმელი წყლით მოსახლეობის დაკმაყოფილება   გასული  სამი წლის  წინანდელი მდგომარეობით  10%-ს არ აღემატებოდა. ამ ეტაპისთვის  სასმელი წყლით უზრუნველყოფა მოხდა  მოსახლეობის 85%-90% -ით, ამისთვის კი საკმაოდ მასშტაბური პროექტები განხორციელდა. მაგალითად 2013 წელს - სასმელ წყალს რეაბილიტაცია ჩაუტარდა 28 სოფელში; 2014  წლის მონაცემებით, სასმელი წყლის ქსელების რეაბილიტაცია  40 სოფელში განხორციელდა და ანალოგიური სამუშაოები განხორციელდა  2015 წელს. (როგორიცაა ჭაბურღილის მოწყობა, წყლის საქაჩი ტუმბოების მონტაჟი, სისიტემის რეაბილიტაცია, რეზერვუარების მონტაჟი, მილგაყვანილობის მოწყობა და ა.შ)

Friday, July 15, 2016

გოჩა ლორია - რუსთავის მერის ახალი მოადგილე

გუშინ, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლის გუბერნიაში ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელად გადავიდა. რუსთავის მერიაში კი მერის ახალ მოადგილედ, გოჩა ლორია დაინიშნა. საკადრო ცვლილების ოფიციალურ მიზეზად, გუბერნიის მხრიდან ლაშა ლობჯანიძისთვის გაკეთებული შემოთავაზება სახელდება. გუბერნატორი ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან საუბარში განმარტავს, რომ ლობჯანიძეს გუბერნიაში გადასვლით ახალი შესაძლებლობები ეძლევა.

ჩვენთვის არაა ცნობილი ცვლილების ოფიციალური მიზეზი, რამდენად ახლოსაა რეალურთან. ამ ეტაპზე, შეგვიძლია მხოლოდ მკითხველს გოჩა ლორიას ბიოგრაფია გავაცნოთ.

Wednesday, July 13, 2016

მამუკა ჩიქოვანი: რუსთავში, ხალხის საკუთრებაში არსებული სპორტული მოედნის დემონტაჟი პირადი მიზნებისთვის ხდებ

“ნაციონალური მოძრაობის” რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა მამუკა ჩიქოვანმა რუსთავში, თოდრიას და ქუჩიშვილის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე საფეხბურთო მოედნის დემონტაჟი გააპროტესტა. ადგილზე მისულმა ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა: “ეს სტადიონი იყო ირგვლივ მაცხოვრებლების მოთხოვნის შედეგად აშენებული და, შესაბამისად, არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს თავისი პირადი მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. ეს არის ხალხის საკუთრება. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ ზრუნავს, საერთოდ არ ითვალისწინებს ხალხის სურვილებს, ხალხის მოთხოვნებს. ერთადერთი, ის დაკავებულია თავისი პირადი კომფორტის უზრუნველყოფით და მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რა მიიტანოს სახლში”.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. კითხვის გაგრძელება...

ბესიკ წიკლაური:თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე მდებარე სტადიონის რეაბილიტაცია განხორციელდა

26 ივნისს, 2015 წლის ანგარიშის წარდგენისას, თეთრიწყაროს გამგებელმა ბესიკ წიკლაურმაგანაცხადა: “თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე არსებული სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. ასევე, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე განათება მოეწყო. პროექტის ღირებულებამ 27 336 ლარი შეადგინა”.
ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა. კითხვის გაგრძელება...

Thursday, June 30, 2016

რუსთავში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორმა ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე იმსჯელა + (ვიდეო)

დღეს, რუსთავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას" ორგანიზებით გაიმართა დისკუსია, რომელიც შეეხებოდა ქალთა მიმართ განხორციელებულ ძალადობას, დისკრიმინაციას და ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით სამართალწარმოების პროცესში წარმოშობილ პრობლემებს.

დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ პროკურატურის, პრობაციის ბიუროს, საპატრულოს, სოციალური სააგენტოს და არასამთავრობო ორგანიზაციების

Wednesday, June 29, 2016

,, 24 000 ლარს კი არა ბოლო ამასუნთქვასაც გავიღებ, ოღონდ ნაციონალები არ დაბრუნდნენ“ - ოცნების შემომწირველი რუსთაველი საჯარო მოხელე

სახელწმიფო აუდიტის სამსახურის გამოქვეყნებული ანგარიშების თანახმად 2016 წლის მაისის თვეს ,,ქართულ ოცნებას" 24 000 ლარი, რუსთაველმა გიორგი ჭანტურიამ შესწირა. ჭანტურია ამ დროისთვის რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მოადგილეა. საჯარო მოხელეა მამამისი ზურაბ ჭანტურიაც, რომელიც რუსთავის მერის წარმომადგენელია ვახტანგ გორგასლის სახელობის ადმინისტრაციულ ერთეულში.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" შეეცადა გაერკვია, ხომ არ აქვს ადგილი ადგილობრივი ბიუჯეტის თანხების თანამდებობის პირების გავლით პარტიისთვის გადაცემას. ასევე, გაჩნდა კითხვა იმ შემთხვევაშიც, თუ გიორგი ჭანტურიას ანაზღაურება 2 000 ლარია, ამ შენაწირით გამოდის, რომ მან მთელი წელი ,,ქართული ოცნებისთვის" იმუშავა?

გიორგი და ზურაბ ჭანტურიები 2012 წლიდან ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საშტაბო საქმიანობაში ჩართული პირები იყვნენ. მათთანაა დაკავშირებული ე.წ სტამბულის ბაზრის თემა, სადაც ძალოვანი უწყებების მიერ მოხდა ბაზრის მოწილეების შვილების დაკავება. მოწილეებს შორის იყო ზურაბ ჭანტურია, რომლის შვილიც, ოცნების შემომწირველი, გიორგი ჭანტურიაც - ასევე იყო დაკავებული.

Monday, June 27, 2016

თეთრიწყაროს გამგებელმა 2015 წელს შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა +(video) - 27 ივნისი 2016

26 ივნისს თეთრიწყაროს გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა,  2015 წელს გაწეული საქმიანობა შეაჯამა. გამგებლის ანგარიშში მუნიციპალიტეტში შესრულებული და 2016 წლისთვის დაგეგმილი პროექტები შევიდან.
წიკლაურის გამოსვლამდე, ანგარიშის განხილვა ორგანიზაცია ,,მწვანე კავკასია"-ს წარმომადგენელმა გიორგი აბულაძემ გახსნა. აბულაძე აცხადებდა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც თეთრიწყაროში გამგებელი ანგარიშსს მოსახლეობას აბარებს.

Wednesday, June 22, 2016

მარნეული - პარტიების წინასაარჩევნო სამზადისი

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" იწყებს რეგიონში მოქმედი პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გაშუქებას. ამჯერად მკითხველს მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორი პარტიის ადგილობრივ ორგანიზაციებს გავაცნობთ. ამავე ფორმატით სხვა პარტიების წარმოჩენაც მოხდება.

ისრაფილ ბაირამოვი მარნეულში პარტია ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. საუბრობს, რომ პარტიას ამ დროისთვის მარნეულში 230 წევრი ჰყავს და მოქალაქეების გაწევრიანება ყოველდღიურად ხდება.

,, ჩვენი რეგიონული ოფისის გახსნას 1 500 ადამიანი ესწრებოდა. ამ მხარეში აქამდე კარგად არ იცნობდნენ ბატონ პაატა ბურჭულაძეს. მასთან შეხვედრის მერე გაუჩნდათ ინტერესი პარტიის მიმართ, აქტიურად ეცნობიან მის გამოსვლებს. მოგეხსენებათ ჯერ არ გვაქვს პარტიული ნომერი და ბეჭდური სახით ჩვენი პროგრამა ამის გამო არაა წარმოდგენილი. ნომრის მიღების შემდეგ ყველა საჭირო მასალა მომზადდება.

Tuesday, June 21, 2016

,,ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მარნეულში საგამოძიებო უწყებების არაეფექტურ მუშაობაზე ესაუბრნენ

დღეს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, აქტივისტ ქალბატონებს და სკოლის პედაგოგებს. შეხვედრისას განხილული იქნა მარნეულის მუნიციპალიტეტში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის, ოჯახში ძალადობისა და ადრეული ქორწინების პრობლემები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების პრობლემები, რომელთა იდენტიფიცირების შემდგომ, ადამიანის უფლებათა ცენტრი განახორციელებს ადვოკატირებას.
შეხვედრის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მათ უფლებრივმდგომარეობას სამართალდამცავი უწყებების არაეფექტური მუშაობა ამძიმებს. ერთ-ერთი მოქალაქე საუბრობდა, რომ ერთი წლის წინ მოძალადეები შეიჭრნენ მის ოჯახში, თუმცა ეს საქმე არავინ გამოიძია. ასევე, შეხვედრაზე მოქალაქე საუბრობდა კერძო საკუთრების უფლების შელახვაზე, სადაც განმარტავდა, რომ არაფექტური აღმოჩნდა, როგორც პოლიცია ასევე პროკურატურა.

Tuesday, June 7, 2016

რუსთავში სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად 1 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, თუმცა ქალაქი უხვნალექს მაინც ვერ უმკლავდება

2015 წლის 23 მარტს, რუსთავში ქალაქის სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად 960 000 ლარის ღირებულების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მაშინ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება და ჩამოსული მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსთავს ამ კუთხით პრობლემები მოეხსნებოდა.

აღნიშნული პროექტი შესრულდა, თუმცა ქალაქის ნაწილი უხვნალექს მაინც ვერ უმკლავდება. პროექტის ფარგლებში იალღუჯის და რუსთავის დასახლებულ ნაწილს შორის გაკეთებულმა არხმა, 4 ივნისს მოსული უხვი ნალექის სრულად გატარება ვერ შეძლო. აღნიშნულ მონაკვეთში არხის გაკეთება ამ პროექტის ერთ-ერთი ნაწილი იყო.

,,ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი KKPRESS.GE" დაინტერესდა მილიონ ლარამდე ღირებულების პროექტმა, რატომ ვერ შეძლო აღნიშნული პრობლემის სრულად მოხსნა.

თემაზე რუსთავის მერის მოადგილე, ნოდარ შეროზია აცხადებს, რომ პროექტს არ აქვს ხარვეზები და სანიაღრე სისტემამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა.

Friday, June 3, 2016

,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

დღეს რუსთავში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო განხილვა გამართა. უწყებამ საზოგადოებას რუსთავის (2013-2014 წ და 2015 წლის 6 თვის), მარნეულის (2012-2013წ), დმანისის (2009-2012) და წალკის მუნიციპალიტეტების (2013-2014) აუდიტის ანგარიშები გააცნო.

შეხვედრის დასაწყისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მათი მიზანი არაა ვინმეს დასჯა. აცხადებდა, რომ სახელმწიფო აუდიტის ამოცანაა ხელიშეუწყონ მუნიციპალიტეტებს  - საბიუჯეტო თანხების ხარჯვა არსებული კანონმდებლობის დაცვით შეძლონ.
ღონისძიების მომხსენებელმა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი მამრიკიშვილმა კი საზოგადოებას ქვემო ქართლის ზემოთ ხსენებული მუნიციპალიტეტების აუდიტის ანგარიშები გააცნო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესრულებული აუდიტების შედეგად დაასკვნა:

Thursday, June 2, 2016

ორგანიზაციას, რომელიც წინა მთავრობას სისტემურ დანაშაულებებში ამხელდა რუსთავის მერი მრჩეველთა საბჭოში არ იღებს - 31 მაისი 2016

ორგანიზაცია მართავს პორტალს ადამიანის უფლებების შესახებ humanrights.ge  და ვიდეოპორტალის www.hridc.tv ცენტი საკუთარი რეგიონული ოფისების დახმარებით ცდილობს მხარი დაუჭიროს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას.

,, ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა,  ადამიანის უფლებათა ცენტრს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციას, დაუსაბუთებლად შეუზღუდა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობა - სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში ყოფნის შესაძლებლობა, რითაც შეზღუდა არასამთავრობო ორგანიზაციის შესაძლებლობა, წარადგინოს მერთან  წინადადებები და  მოსაზრებები, მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემათა იდენტიფიკაციისა და აღმოფხვრის მიზნით.

ლუკავა ასევე დასძენდა, რომ მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ჩამოთვლილ სამოქალაქო საბჭოს წევრებს შორის არაა არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია.

Monday, May 30, 2016

73 032 ლარი - ქვემო ქართლის გუბერნატორის ქონებრივი დეკლარაცია

ქვემო ქართლის გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის 2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად - გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობისთვის მას გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 73 032 ლარი.
ქონებრი დეკლარაციის თანახმად გუბერნატორი ფლობს თბილისში 2 ბინას და მიწის ნაკვეთს  სოფელ ლისში. ასევე მის საკუთრებაშია ორი მსუბუქი და ერთი სატვირთო ავტომანქანა.

რაც შეეხება, გუბერნატორის პირველ მოადილეს კახაბერ გუგეშაშვილს - ამ თანამდებობაზე მუშაობისთვის გასული წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს -51 920 ლარი.

Saturday, May 21, 2016

რუსთავის მერი 2014 წელს მიცემულ დაპირებას 2016 წელს ასრულებს


2014 წლის 24 აპრილს, რუსთავის მერმა  სასწავლებენ ,,რვალში" სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ღონისძიებას interpressnews.ge აშუქებდა.  სააგენტოს მასალში ვკითხულობთ:

"სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ქალაქში არსებულ პრობლემებზე ვისაუბრეთ. სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მგზავრობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე გაამახვილეს. მათ აინტერესებდათ გაიზრდება თუ არა რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება, რაზეც ჩემი მხრიდან გაიცა ცალსახა პასუხი, რომ ეს არ მოხდება. უფრო მეტიც, მერია მუშაობს პროექტზე, რომლის თანახმადაც, ის სტუდენტები, რომლებიც თბილისში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ, მგზავრობის საფასურის გადახდისას შეღავათით ისარგებლებენ. გარკვეული შეღავათები დაწესდება წარჩინებული სტუდენტებისათვის, ასევე მათთვის, ვინც სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან," - აცხადებდა რუსთავის მერი, დავით ჯიქია 2014 წელს.

Wednesday, May 18, 2016

რუსთავის თვითმმართველობაში გაცემული პრემიები ნახევარ-მილიონ ლარს აღემატება


მეორე მცდელობის შემდეგ რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლებისგან - 2015/16 წლებში გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაციას სრულად ვიღებთ. ამჯერად მუნიციპალიტეტმა საჯარო ინფორმაცია ვადების დაცვით გასცა.

მოწოდებული მონაცემის თანახმად 2015 წელს, საერთო ჯამში, რუსთავის მერს დავით ჯიქიას პრემიებისა და დანამატების  სახით მიღებული აქვს 28 600 ლარი. იმ თვეების უმეტესობაში, სადაც მერს არ აქვს აღებული პრემიები გამოწერილი აქვს დანამატები. კონკრეტულად კი 2015 წელს აღებული აქვს 8 დანამატი და 4 პრემია. ერთადერთი გამონაკლი არის 2015 წლის დეკემბერი, როდესაც დავით ჯიქიამ საახალწლოდ პრემიაც მიიღო და დანამატიც.