,,ბიუჯეტის დანაკარგები შეადგენს 719 700 ლარს“ - სახელმწიფო აუდიტი ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესახებ + (ვიდეო)

დღეს რუსთავში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საჯარო განხილვა გამართა. უწყებამ საზოგადოებას რუსთავის (2013-2014 წ და 2015 წლის 6 თვის), მარნეულის (2012-2013წ), დმანისის (2009-2012) და წალკის მუნიციპალიტეტების (2013-2014) აუდიტის ანგარიშები გააცნო.

შეხვედრის დასაწყისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ განაცხადა, რომ მათი მიზანი არაა ვინმეს დასჯა. აცხადებდა, რომ სახელმწიფო აუდიტის ამოცანაა ხელიშეუწყონ მუნიციპალიტეტებს  - საბიუჯეტო თანხების ხარჯვა არსებული კანონმდებლობის დაცვით შეძლონ.
ღონისძიების მომხსენებელმა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი მამრიკიშვილმა კი საზოგადოებას ქვემო ქართლის ზემოთ ხსენებული მუნიციპალიტეტების აუდიტის ანგარიშები გააცნო.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესრულებული აუდიტების შედეგად დაასკვნა:


2013 წელს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ გზების მოწყობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, მიმწოდებლებზე დაურიცხავი პირგასამტეხლოს სახით მიუღებელმა შემოსავალმა შეადგინა 167.0 ათას ლარზე მეტი.
დმანისის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო მიწებზე გადაუხდელმა საიჯარო ქირამ შეადგინა  129. 4 ათასი ლარი.

2013 წელს წალკის მუნიციპალიტეტმა  მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში  არ გამოიყენა ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რის შედეგადაც დაკარგა 18.4 ათასი ლარის მიღების შესაძლებლობა.

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2013-2014 წლებსა და 2015 წლის 6 თვეში  გაიცა  3.7 მლნ ლარის პრემია. 

დმანისის მუნიციპალიტეტში 2009-2012 წლებში გაიცა 1.2 მლნ ლარის პრემია.

ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2015 წლის 6 თვეში  გაიცა  92.6 ათასი ლარის დანამატი. დანამატი გაიცემოდა მოხელის ზეგანაკვეთური მუშაობისთვის, რომელიც განისაზღვრებოდა წინასწარ მთელი წლის განმავლობაში

ქ. რუსთავის მერიაში დადგენილი ნორმის ზევით გაცემულია 191. 8 ათასი ლარის  პრემია.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2013 წელს შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა 219, 2014 წელს - 270, 2015 წლის 6 თვეში - 70 შტატგარეშე მოსამსახურეს, რომელთა შრომის ანაზღაურებამ ჯამში 3 მლნ  ლარი შეადგინა.

2015 წლის 6 თვეში ქ. რუსთავის მერიაში შტატგარეშე მომსამსახურეთა რაოდენობა აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას.

სახელმწიფო აუდიტის წარმომადგენელი აუდიტის ანგარიშების პრეზენტაციის ბოლოს აცხადებდა, რომ ბიუჯეტის დანაკარგებმა შეადგინა 719,700 ლარი; არასათანადოდ დასაბუთებული ხარჯებმა - 8,563,700 ლარი; შესყიდვები განხორციელებულია ხარვეზებით და შეადგენს 14,168,500 ლარის ზარალს; მოსახლეობისთვის დაკარგული სარგებელი შეადგენს 78 800 ლარს, დროის ზემოთ ხსენებულ პერიოდში ქვემო ქართლის 4 მუნიციპალიტეტში მოგვარებული პრობლემების საერთო ღირებულება  შეადგენს 428 350 ლარს.

ვიდეო: მომხსენებელი, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი მამრიკიშვილი.




მანონ ბოკუჩავა
kkpress.ge მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments