გოჩა ლორია - რუსთავის მერის ახალი მოადგილე

გუშინ, ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ რუსთავის მერის მოადგილე ლაშა ლობჯანიძე, ქვემო ქართლის გუბერნიაში ერთ-ერთი სამსახურის ხელმძღვანელად გადავიდა. რუსთავის მერიაში კი მერის ახალ მოადგილედ, გოჩა ლორია დაინიშნა. საკადრო ცვლილების ოფიციალურ მიზეზად, გუბერნიის მხრიდან ლაშა ლობჯანიძისთვის გაკეთებული შემოთავაზება სახელდება. გუბერნატორი ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიასთან საუბარში განმარტავს, რომ ლობჯანიძეს გუბერნიაში გადასვლით ახალი შესაძლებლობები ეძლევა.

ჩვენთვის არაა ცნობილი ცვლილების ოფიციალური მიზეზი, რამდენად ახლოსაა რეალურთან. ამ ეტაპზე, შეგვიძლია მხოლოდ მკითხველს გოჩა ლორიას ბიოგრაფია გავაცნოთ.

რუსთავის მერის ახალი მოადგილე, გოჩა ლორია 53 წლისაა.  1980 წელს დაამთავრა რუსთავის #21 საშუალო სკოლა. 1985 წელს დაამთავრა ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1996 წელს დაამთავრა აშშ-ს კალიფორნიის შტატის სახელმწიფო  უნივერსიტეტის, თვითმმართველობის მართვის კურსი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა რუსთავის ჭყონდიდელის და ცენტრალური მუნიციპალიტეტების თავმჯდომარედ. 1996-2000 წლებში იყო ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორი. 2000-2003 წლებში იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ბოლო წლებში მოღვაწეობდა კერძო ბიზნესში. არის შპს „ლოგო+"-ის  დამფუძნებელი. უახლესი ქონებრივი დეკლარაცია, რაც ამ დროისთვის გოჩა ლორიაზე იძებნლება 2003 წლის მონაცემებს შეიცავს, როდესაც ის მარნეულის რაიონის გამგებელი იყო.

P.S ფოტო და გოჩა ლორიას ბიოგრაფია რუსთავის მუნიციპალიტეტმა მოგვაწოდა.


KKPRESS.GE

Comments