ზვიად ძიძიგური: რუსთავი ქალაქის დატბორვასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა რუსთავს მოშორდება

გასული წლის მარტში, რუსთავში სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად მილიონ ლარამდე ღირებულების ოთხი პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მაშინ, რუსთავის ადგილობრივი ხელისუფლება და მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ რუსთავს ამ კუთხით პრობლემები მოეხსნებოდა. ამ თემაზე მედიასთან კომენტარი რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმაც გააკეთა: “ვფიქრობ, რომ ძალიან მალე დაინახავენ რუსთაველები, რომ ეს პრობლემა, რომელიც იყო ყველა ავდრის პირობებში, მართლა სერიოზული პრობლემა, რუსთავს მოშორდება”.
ფაქტ-მეტრმა გადაამოწმა, შესრულდა თუ არა ეს პირობა გასული ერთი წლის მანძილზე.
მიუხედავად იმისა, რომ სანიაღვრე სისტემების მოსაწესრიგებლად რუსთავში თითქმის მილიონამდე ლარი დაიხარჯა, 2016 წლის 4 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა რუსთავის მე-7 მიკრორაიონი დატბორა (იხ. ბმული). კონკრეტულად კი, პრობლემები სწორედ იმ მონაკვეთში შეიქმნა, სადაც ზემოხსენებული პოექტებიდან ყველაზე ძვირადღირებული – 449 ათას ლარიანი პროექტი განხორციელდა.

სამუშაოები რუსთავში თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილზე, იალღუჯის მთასა და რუსთავის დასახლებულ ნაწილს შორის სანიაღვრე სისტემის მოწყობას გულისხმობდა. უკვე წლების განმავლობაში, უხვი ნალექის შედეგად, ნიაღვარი და ქვა-ღორღი იალღუჯის მთიდან ჩამოდის და ახალი რუსთავის, ანუ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ნაწილს ტბორავს. პროექტის ფარგლებში, იალღუჯის ფერდობზე არხის მოწყობის გარდა, ლომოურის და თბილისის ქუჩებზე გადამსვლელი სანიაღვრე ხაზები მოეწყო. აგრეთვე, გაკეთდა ნიაღვარმჭერი არხი, ჭები და ტრანშეები.
მიუხედავად ჩატარებული სამუშაოებისა, ქალაქის ეს ნაწილი უხვი ნალექის დროს მაინც იტბორება და რუსთაველები ამ პრობლემის წინაშე კვლავ დგანან. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საჭიროა, რომ იალღუჯის არხი 200 მეტრით გაგრძელდეს. ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების აზრით, 4 ივნისს მოსულმა წვიმამ მართალია რუსთავის ნაწილი დატბორა, მაგრამ, აღნიშნული პროექტის დამსახურებით, ზიანი ნაკლები იყო. ქალაქის დატბორვისას, ადგილობრივ თვითმმართველობას რაიმე სახის ზარალის ანაზღაურება არ მოუწია.
მართალია, მატერიალური ზიანი მოსახლეობას არ მიუღია, თუმცა მუნიციპალურ ა(ა)იპ-ებს, რომლებმაც ნიაღვარის ჩამოტანილი ნარჩენებისგან ქალაქის ნაწილი გაწმინდეს, დამატებით სამუშაოების შესრულება დასჭირდათ. არ შეწყვეტილა საავტომობილო მოძრაობაც, თუმცა ქუჩაზე დაგუბებული წლის გამო ქვეითების გადაადგილება შეფერხდა.
წინა წლებში სანიაღვრე სისტემის გაუმართაობა ქალაქის ცენტრალურ გზაზე ავტომობილების მოძრაობის შეფერხებას იწვევდა, აგრეთვე სარდაფებიც იტბორებოდა. ადრეც და წელსაც, ყველაზე მეტი სირთულე რუსთავის იმ მოქალაქეებს ექმნებოდათ, რომლებიც ტრანსპორტის გარეშე გადაადგილდებოდნენ. ამჯერადაც, იალღუჯიდან ჩამოსულმა ნიაღვარმა სანიაღვრე ჭები გაჭედა და წყალი მილებში გავლის ნაცვლად საავტომობილო გზაზე დაგუბდა.

დასკვნა
რუსთავში, საერთო ჯამში, მილიონ ლარამდე ღირებულების 4 პროექტი განხორციელდა. მოეწყო ღია სანიაღვრე არხი რუსთავსა და იალღუჯის მთას შორის, ასევე თბილისის, ლომოურის, ტაბიძის, დადიანის, სანაპიროს, გორის, ყაზბეგის და მშვიდობის ქუჩებზე სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია განხორციელდა. მაგრამ, მასშტაბური პროექტების მიუხედავად, უხვი ნალექის დროს ნიაღვრის სრულად გატარება ახალ სანიაღვრე სისტემებში კვლავ ვერ ხერხდება. შესაძლოა, იალღუჯის სანიაღვრე არხის პროექტი გაგრძელებას საჭიროებდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ უხვი ნალექის დროს რუსთავის ნაწილი კვლავ იტბორება, სანიაღვრეეებთან დაკავშირებული პრობლემა რუსთაველებს ვერ “მოშორდათ”.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზვიად ძიძიგურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.

მანონ ბოკუჩავა
factcheck.ge 

Comments