ღიად დატოვებული ორმოები


საფრთხე ჭიათურის სოფლებისთვის

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წიაღისეულის გარემოს დაცვის სტანდარტების დარღვევით მოპოვებაზე ჩივიან. „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიების მუშაობის შედეგად სოფლებში -რგანსა და თაბაგრებში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს 7-8-მეტრიანი ორმოებია ამოთხრილი. ადგილობრივები გაუთავებელ ხმაურზე, მტვერზე, მძაფრ და შემაწუხებელ სუნზე, დაბინძურებულ სასმელ წყალსა და დაზიანებულ სოფლის გზებზე საუბრობენ. მოითხოვენ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლებას.

,, ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი“ - წერია საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლში.


მაგრამ ახლა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ამოგლეჯილი მიწის კვალს, 7-8 მეტრიან შემოუღობავ ორმოებს დავყურებთ. ია ცერცვაძე, რომელიც რგანში ცხოვრობს, გვიყვება მადნის მოპოვებისთვის მათ სოფელში გაკეთებულ მსგავს ათამდე ორმოზე.

„ მადნის მოპოვება ქაოსურად ხდება აქაც და მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. ნებისმიერ ადგილას, სადაც მოუნდებათ, მოვლენ, ამოთხრიან და ასეთ ორმოებს გვიტოვებენ. არავინ ფიქრობს ნიადაგის აღდგენა - რეკულტივაციაზე. ასეთი ორმო დაგვიტოვეს სოფლის სკოლასთანაც. შიგნით პირუტყვი ცვივა. ორი წელია გვეშინია აქ, თავისუფლად ბავშვებს გაშვების. მადნის გატანისას კი ტრანსპორტი არ არის დახურული და ჩვენი სოფლის გზები მარგანეცით არის დაბინძურებული. ეს ყველაფერი ნიადაგში მიწისქვეშა წყლებს ერევა და ჩვენ სასმელ წყალში ხდება.

უძლურები ვართ „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიების წინაშე, რომლებიც აწარმოებენ მსგავს სამუშაოებს“ - საუბრობს სოფელ რგანში მცხოვრები ია ცერცვაძე.
ეს არაა ამ თემაზე, მედიისთვის გაკეთებული მისი პირველი ინტერვიუ. ადვილად შეგიძლიათ ინტერნეტ სივცეში, 3-4 წლის წინ, ამავე თემაზე მოსაუბრე იას აღმოჩენა. დღესაც იმავეს იმეორებს და ამბობს, რომ წიაღისეულის სტანდარტების დარღვევით მოპოვებამ ადგილობრივებს გულსისხლძართვთა, კანის და ონკლოგიური დაავადებები გაუჩინათ.

მსგავსი გასაჭირი აქვთ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ თაბაგრებში. აქაც ადგილობრივები ამბობენ, რომ მადნის მოპოვებას  „ჯორჯიან მანგანეზის“ კონტრაქტორი კომპანიები აწარმოებენ. შედეგად კი აქვთ 7 მეტრიანი ორმოები სახლების წინ, დაზიანებული სოფლის გზები, გოგირდის სუნი და მტვერი.

პრობლემის მოგვარების იმედი დაკარგული მაქვს-ო ამბობს, ადგილობრივი ნინო თაბაგარი, მაგრამ საუბარზე მაინც გვთანხმდება.

„ ჩემი სახლი ფაქტიურად კუნძულზე დარჩა. აგერ ხედავთ სახლის წინ 7 მეტრში, გააკთეს ორმო და ეძებენ მადანს. ვინმე თუ მოვა და მეტყვის, რომ ამის გამო ჩემს სახლს და ადამიანებს არ გვადგება ზიანი, გავჩუმდები, მაგრამ ასეა კი ეს?! ამოდის საშინელი გოგორდის სუნი. სახლის ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა. რემონტის გაკეთებას ვგეგმავდით, მაგრამ ახლა გავჩერდით.. არვინაა ჩვენი დამცველი!

ეს უბანი სულ დასახლებული იყო და ადამიანები ნელ-ნელა წავიდნენ“ - აცხადებს, ადგილობრივი ნინო თაბაგარი.

სოფელ თაბაგრებში ამბობენ, რომ წელს მხოლოდ სამი პირველკლასელი ეყოლება მათ სკოლას და მოსახლეობა, ვისაც სადმე წასასვლელი აქვს ტოვებს იქაურობას.
არსებულს ვითარებას ართულებს ის გარემოებაც, რომ მოქალაქეების ნაწილი, ფულადი ინტერესის გამო, საკუთარ კერძო საკუთრებაში ჯორჯიან მანგანეზის კონტრაქტორ კომპანიებს, თავად უშვებს. ამის გამო ზიანი მეზობლებსაც ადგება - სახეზეა ხმაური, მტვერი, სოფლის გზების დაზიანება და დიდი რისკი, სასმელ წყალაში მავნე ნივთირების მოხვედრის.  

ასოციაცია „ჭიათურელთა კავშირის“ თავმჯდომარეა, შოთა გაფრინდაშვილი ჭიათურის ეკოლოგიურ მდგომარეობას, ეკოგენოციდის მსგავსი ვითარებას უწოდებს. ამბობს, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ წიაღისეულის მოპოვებისას აუცილებელ შემამსუბუქებელ გარემოებებს არ ატარებს. აცხადებს, რომ უმეტეს შემთხვევაში არ ხდება საწარმოს და მისი კონტრაქტორი კომპანიების მიერ გამოყენებული ტერიტორიების აღდგენა, რის გამოც ბინძურდება სასმელი წყალი.

 „ეს პრობლემა შედარებით ნაკლებად დგას იმ მოქალაქეების წინაშე, რომლებიც ქალაქში ცხოვრობენ, რადგან იქ ხდება სასმელი წყლის დაქლორვა. ასეთი რამ სოფელბში არაა და შესაბამისად წყალში, რომელიც მათ მიეწოდებათ, დაბინძურება აღინიშნება.
ამისი მიზეზი კი რეკულტივაციის გარეშე დატოვებული ორმოები, საიდანაც ირეცხება მავნე ნივთიერებები ნიადაგაში გამავალ დინებებში და ხვდება სასმელ წყალში“ - გვიყვება გაფრინდაშვილი. ამბობს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო საკითხის მოწესრიგების მიზნით კანონპროექტზე მუშაობს. „ მე ვკითხე ადამიანებს ვინც ამ პროექტზე მუშაობენ, თუ არიან ნამყოფი ჭიათურის სოფლებში და მითხრეს არაო.. „ - ამბობს შოთა გაფრინდაშვილი.

თემაზე მედიასთან თანამშრომლობს „ჯორჯიან მანგანეზი.“ საწარმოში ამბობენ, რომ გამოყენებული ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში ნიადაგის აღდგენის - რეკულტივაციის პროცესი, უკვე დასრულებული აქვთ და საუბარი იმაზე, რომ კომპანია, ზოგადად, არ ახდენს რეკულტივაციას მცდარია.

„ კომპანია ჯორჯიან მანგანეზი რეგიონში საკუთარი საქმიანობის დაწყების დღიდან წელიწადში ორჯერ (2013 წლიდან) გაზაფხულსა და შემოდგომას ახორციელებს ბიოლოგიურ რეკულტივაციას იმ ტერიტორიებზე, სადაც დასრულდა მადნის მოპოვებითი სამუშაოები. გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული 90ჰა-ი ტერიტორიაზე, რომლის გეგმაც 10 წელზეა გაწერილი. დღევანდელი მონაცემებით რეკულტივირებულია 16 ჰა-ზე მეტი ტერიტორია და დარგულია 20-ათასამდე ხის ნერგი. რეკულტივირებული ტერიტორიის ნარგავებით შემდგომი შევსების გათვალისწინებით. რეკულტივაციის პროცესი დასრულებულია მღვიმეს მაღაროს ხრამის უბანზე და ნაწილობრივ პერევისას (ყოფილი სტალინის) მაღაროს  ნაფარცების უბანზე.

დამოუკიდებელ მომპოვებლებს (ე.წ. კოპერატორები) რეგისტრირებული სამუშაო ტერიტორიების კონტურები მოიცავს 40 ჰექტარ სარეკულტივაციო ტერიტორიას-რომლის გეგმა გასულ 2015 წელს გადაეგზავნა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დასამტკიცებლად და ახლაც შეთანხმების პროცესშია. აღნიშნულზე პირველი შენიშვნები და კომენტარები რამოდენიმე კვირის წინ მივიღეთ სამინისტროსგან“ - გვწერს საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელი, ზაქარია ზალიკაშვილი.

ამბობს, რომ  „იდივიდუალურადაა შესასწავლი“ სოფელბში რგანი და თაბაგრები წიაღისეულის მოპოვების კუთხით არსებული სიტუაცია.

„ როგორც წესი მიწის მფლობელი პირი ურიგდება მადნის მომპოვებელ ორგანიზაციას ე.წ. კოოპერატორს, მანგანუმის მადნის მოპოვებაზე. სამუშაო ტერიტორიებიც დგინდება ინდივიდუალურად. ამიტომ ეს საკითხიც ინდივიდუალურად შესასწავლია.
თუ ვინმე ზარალდება “ჯორჯიან მანგანეზის” მოპოვებითი საქმიანობით, მაშინ ზარალს ადგენს სპეციალური ზარალების შემსწავლელი სამსახური და ახდენს შესაბამის ფინანსურ ან მატერიალურ კომპენსაციას. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ ორგანიზაციას ამ მიმართულებით დავალიანება არ ერიცხება.

ჯორჯიან მანგანეზი სრულად იღებს პასუხისმგებლობას დამოუკიდებელი მომპოვებელი კომპანიების მადნის მოპოვებით საქმიანობაზე-მათი ლიცენზირებული ტერიტორიების დადგენა, მონიტორინგზე. ასევე რეკულტივაციის პროცესზე, მას მერე რაც დამტკიცდება 40 ჰექტარი რეკულტივაციის გეგმა გარემოს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ. ნაწილობრივ პასუხისმგებელია იმ პირობებზე რომელიც ასათვისებელი ტერიტრიის მეპატრონესთან ხელშეკრულებაში განისაზღვრა“ - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

აგრეთვე დასძენენ, რომ ამ დრომდე არც ერთი კვლევით არ მტკიცდება, რომ საწარმოს მუშაობა იწვევს ონკოლოგიური ან რაიმე სახის მასიურ დაავადებებს ადგილობრივ მოსახლეობაში.

გარემოს დაცვის სამინისტროში თემაზე კომენტარს ნელი კორკოტაძე, გარემოსდაცვითი  ზედმხედველობის დეპრატმენტის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორი აკეთბს.
ჩვენი პირველი კითხვა „ჯორჯიან მანგანეზის” სამინისტროსკენ ნასროლ „ქვას“ - ანუ კონტრაქტორი კომპანიების სამინისტროსთვის, გასულ წელს, გამოგზავნილ რეკულტივაციის 40 ჰექტარის გეგმას ეხება. შეგახსენებთ, რომ საწარმოს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტრომ აღნიშნული გეგმის შენიშნები მხოლოდ ახლა, რამდენიმე კვირის წინ მიაწოდათ.

ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ კონკრეტულად ეს გეგმა მას არ ახსენდება, თუმცა სანამ ჯორჯიან მანგანეზი აქცენტს ამ საკითხზე გააკეთებს, ისიც გაიხსენოს, რომ ამ დროისთვის რეკულტივაცია არც იმ ტეროტორიებზე აქვს საწარმოს წარმოებული, სადაც გეგმა სამინისტრომ დაამტკიცა.

„ საქმე იმაშია, რომ საწარმოს რეკულტივაციის ვადა, კანონით აქვს წიაღის მოპოვების ლიცენზიის ამოწურვამდე. ეს როგორც მახსოვს 42 თუ 46 წელია. მიუხედავად ამისა სამინისტრო კომპანიისგან ითხოვს რეკულტივაციის კონკრეტული ვადების გაწერას და შემდეგ ახდენს მონიტორინს ამ ვადების დაცვაზე.

არა ერთხელ არის დაჯარიმებული “ჯორჯიან მანგანეზი” გარემოზე მიყენებული ზიანის გამო, როგორც ადმინისტრაციული წესით ასევე 2015 წელს საქმეში სისხლის სამართლის ნორმების დარღვევის ნიშნების გამო - მასალები საგამოძიებო უწყებაში გავაგზავნეთ. საუბარია ამ შემთხვევაში ნიადაგის გამოყენასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაზე. კერძოდ იმ ვალდებულებაზე, რომ წიაღისეულის ძიებამდე უნდა მოხდეს ნაიადაგის ნაყოფიერი ფენის (ჰუმუსი) მოხსა და დასაწყობები - მისი შემდეგ რეკულტივაციაში გამოყენებისთვის“ - საუბრობს, ნელი კორკოტაძე, გარემოსდაცვითი  ზედმხედველობის დეპრატმენტის მთავარ სახელმწიფო ინსპექტორი.

ამბობს, რომ მას არ აქვს სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევა, რომლშიც ჩანს  საწარმოს უარყოფითი გავლენა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

კორკოტაძე სფეროში არსებულ პრობლემეზე საუბრისას, რამდენიმე კანონს ასახელებს, რომელთა არაფექტურობაც - წიაღის მოპოვებაში გარემოს დაცვას ართულებს.
„ გადახედვას საჭიროებს კანონი წიაღის მოპოვების შესახებ. აგრეთვე გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონი, რომელიც არსებული რედაქციით არ ითვალისწინებს ეკონომიკური ექსპერტიზის ჩატარებას. ამ კუთხით სამინისტრო, უკვე მუშაობს და ხდება კანონპროექტის დახვეწა“ - დასძენს, ნელი კორკოტაძე.

ჭიათურაში წიაღის მოპოვებაზე, 2015 წელს, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა  (CENN) სოციალურ -ეკონომიკური და გეოეკოლოგიური პრობლემების ანალიზი მოამზადა.

„ ჭიათურის მუნიციპალიტეტში მანგანუმის მადნის მოპოვება-გადამუშავების  შედეგად უკანასკნელ ათწლეულებში გამწვავებული გეოეკოლოგიური ვითარება გადაუდებლად მოითხოვს სწრაფ რეაგირებას ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი უწყებების მხრიდან“ - ვკითხულობთ ანგარიშის დასკვნით ნაწილში.

ჭიათურელები, რომლებისთვისაც „შავი ოქრო“ მშვიდი და უსაფრთხო ცხოვრებისთვის საფრთხედ იქცა, სახელმწიფოსგან მეტ პასუხისმგებლობას ითხოვენ. აცხადებენ, რომ შესაძლოა ძვირდღირებული ტანსაცმელი, საჭმელი და ნივთები ვერ უყიდონ შვილებს, მაგრამ ის მაინც უნდა იცოდნენ, რომ ჰაერი, რომლითაც სუნთქავენ და წყალი, რომელსაც შვილებს აწვდიან - მათთვის საზიანო არაა. სურთ ჭიათურის სოფლები ნაომარ ადგილებს არ გავდეს და როგორც ცივილურ ქვეყნებში ხდება, ისე მათთანაც, წიაღის მოპოვების შემდეგ ორმოები მწვანე მინდვრებად აქციონ.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა


ჟურნალი ლიბერალი   (10 სექტემბერი, 2016 წელი)

Comments