მგზავრი, როგორც უსულო ტვირთი



07 თებერვალი 2017


ხალხი, რომელსაც არ ჰყავს საკუთარი ავტომობილი იძულებულია გადაადგილდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. სიტყვა „იძულებულია“ არაა შემთხვევით გამოყენებული და თუ რატომ, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.
როგორ გრძნობს მომხმარებელი თავს მუნიციპალურ ავტობუსში, შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო ტრანსპორტში - ამას რუსთავის მაგალითზე ვნახავთ. ვიწყებთ რუსთავის მუნიციპალური, ე.წ. ყვითელი ავტობუსებით.

„რუსთავის შიდა ავტობუსები იაფი ღირს - 20 თეთრი. შიგნით შესაბამისი სიტუაციაა. ხედავთ, როგორ ზანზარებს ყველა მინა, გარედანაც ხმაური და მტვერი შემოდის - გადავყავართ, როგორც უსულო ტვირთი“, - საუბრობს  მგზავრი, რუსთაველი დალი ახალაძე. მუნიციპალური ავტობუსების ავტოპარკი ადგილობრივი ხელისუფლების მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბოლოს 10 წლის წინ განახლდა. ტრანსპორტით, ძირითადად, მგზავრობენ პენსიონერები და ადამიანები, რომელთაც ქალაქში გადაადგილებისთვის 20 თეთრის გადახდა ურჩევნიათ შიდასაქალაქო სამარშრუტოებში 50 თეთრის გადახდას. ძირითადი და ალბათ ერთადერთი დადებითი, რასაც რუსთავის ყვითელი ავტობუსების შესახებ ვისმენთ - მისი ღირებულებაა - 20 თეთრი.  
მეორე დაკვირვებას შიდა საქალაქო ტრანსპორტზე, ე.წ სამარშუტოებზე ვახდენთ. რუსთავში შიდასაქალაქო ტრანსპორტზე ყვითელი სამარშუტო მიკროავტობუსები არ მოძრაობენ. რუსთავში მგზავრთა გადაყვანაზე სანებართვო კონკურსი ათ წელზე მეტია არ ჩატარებულა. შესაბამისად, მგზავრებს სხვადასხვა მდგომარეობაში მყოფი სამარშრუტო მიკროავტობუსები ემსახურებათ. მოძრაობენ, როგორც მოუწესრიგებელი, ასევე შედარებით უკეთეს მდგომარეობაში მყოფი სამარშრუტოები. მათ ნაწილში, მგზავრის სავარძლები მოუწესრიგებელია და ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა დამონტაჟებული. რუსთავის იმ შიდა ტრანსპორტში, რომლითაც ჩვენ ვმგზავრობთ, სალონი მოუწესრიგებელია, აწეული მინების მიუხედავად, გზიდან ხმაური და მტვერი შემოდის.
შედარებით უკეთაა საქმე რუსთავის საქალაქთაშორისო მარშუტებზე. საუბარია რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანაზე. ამ მიმართულებით, კონკურსი 2014 წელს ჩატარდა და მგზავრთა გადაყვანის შესაბამისი ნებართვა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - „ინტერნტარმა“ - მიიღო. ამის შემდეგ თბილისის მიმართულებით რუსთაველებს ყვითელი სამარშუტოები ემსახურებიან.
„სხვები არ ვიცი, მაგრამ მე პირადად რისიც მეშინოდა, იგივე ხდება ამ ყვითელ სამარშუტოებშიც. მეტი მგზავრის აყვანის მიზნით, მძღოლები  გადასწრებაზე დადიან. არის საავარიო სიტუაციები და მგზავრებს მძღოლთან კონფლიქტში შესვლა გვიწევს. ალბათ, სულ რამდენჯერმე ვიმგზავრე ნერვიულობის გარეშე“, - საუბრობს რუსთაველი ირმა მეტრეველი.
ყვითელ სამარშუტოებს სხვა „ცოდვაც" აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრთა გადაყვანის კონკურსის ერთ-ერთი მოთხოვნა მგზავრთა უსაფრთხოება და კომფორტი იყო, თბილისის მიმართულებით მომუშავე სამარშუტოებმა, ე.წ გადასაშლელი სკამები დაამონტაჟეს. რამდენიმე თვის წინ  20 თეთრით გაზარდეს მგზავრობის ღირებულება (ამჟამად 1.50 ღირს).
რუსთვის მერი დავით ჯიქია, რომელსაც  ამ საკითხების მოწესრიგება ევალება, ამბობს, რომ ქალაქს ტრანსპორტის მხრივ ყველა მიმართულებით სირთულეები აქვს.
„მუნიციპალური ავტობუსების პარკს განახლება სჭირდება. ეს კარგად ვიცით და ვმუშაობთ ფინანსთა სამინისტროსთან, რათა შევძლოთ სესხის აღება და ახალი ავტობუსების შეძენა. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას, ძალიან დაბალია - 20 თეთრი. არადა, რეალურად მგზავრის მომსახურება 63 თეთრი ჯდება. ამას ემატება ისიც, რომ მგზავრთა 30% სარგებლობს შეღავათებით და კიდევ 30% უბრალოდ  „სპასიბაზე“ დადის. შესაბამისად, რა ღირებულებაც არის ის მომსახურებაა“, - საუბრობს რუსთავის მერი დავით ჯიქია. ამბობს, რომ შიდატრანსპორტზე (საქალაქო სამარშრუტო მიკროავტობუსები) კონკურსის გამოცხადებას არ ჩქარობს. თვლის, რომ ჯერ მუნიციპალური ავტობუსების საკითხია გასარკვევი და შემდეგ გამოჩნდება ქალაქს რეალურად რამდენი სამარშუტო ხაზი დასჭირდება.
რაც შეეხება, საქალაქთაშორისო რუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანას, ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ყველა არსებული პრობლემის შესახებ საქმის კურსშია.
„ე.წ. გადასაშლელი სკამების თემა მალევე გაჩნდა და ამაზე დავწერეთ ჯარიმები. კომპანიასთან ერთად ვმუშაობთ, რომ სიტუაცია შეიცალოს. რაც შეხება გადასწრებებს ამას ნამდვილად აქვს ადგილი და დიდი იმედი გვაქვს, რომ შსს-ს ახალი სანქციები  ვითარებას შეცვლის. ჩვენც ასევე ვაპირებთ, ქალაქში ვიდეოკამერების დამონტაჟებას. რაც შეეხება კომპანიის მიერ მგზავრობის თანხის გაზრდას - მათ დოკუმენტირებულად უნდა წარმოგვიდგინონ, თუ რა ობიექტური მიზეზების გამო გაზარდეს თანხა“, - ამბობს რუსთავის მერი.
კომპანია „ინტერტრანსში“ აცხადებენ, რომ მგზავრობის ტარიფი საწვავის ფასისა და სათადარიგო  ნაწილების გაძვირების გამო გაზარდეს.  
„ე.წ გადასაშლელი სკამები მიკროავტობუსებში მძღოლებმა თვითნებურად დაამონტაჟეს. საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და ეს პრობლემა ეტაპობრივად მოგვარდება.
რაც შეეხება გადასწრებებს, კომპანია არ უარყოფს მსგავს ფაქტებს, თუმცა უსაფრთხოებისა და კონტროლის სამსახური ინტენსიურად იბრძვის ასეთი ფაქტების აღმოფხვრისთვის. კომპანია, თავის მხრივ, დამრღვევების მიმართ მკაცრ ზომებს მიმართავს. მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში მგზავრს შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელი ხაზის ნომერზე, რომელიც  ყველა სამარშუტო მიკროავტობუსშია გამოკრული“, - აცხადებენ „ინტერტრანსში“.
კომპანიის შიდა სტატისტიკის მიხედვით 2016 წელს მათი ხაზის სამარშუტოებს 12 ავარია შეემთხვათ.
თავად მძღოლები კი, რომლებიც ამ საკითხის ერთ-ერთ მთავარ მხარეს წარმოადგენენ აცხადებენ: „ყველა გველაპარაკება გადასახადზე, რაც უნდა გადავუხადოთ კომპანიას ხაზზე მუშაობისთვის. მგზავრების კომფორტზე და ჩვენზე - არავინ არაფერს ამბობს! იცით რა სიმწრით ნაშოვნი ლუკმაა ეს ჩვენი ოჯახებისთვის?! ნევროზი გვაქვს ყველას და გაგიჟებას ცოტა გვაკლია, ყველა ჩვენ გვახრჩობს“, - ამბობენ ადგილობრივი მძღოლები და უნდობლობას უცხადებენ მედიას.
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია ამბობს, რომ სფეროში თანმიმდევრული და ეფექტური რეფორმაა ჩასატარებელი, რომლის შედეგადაც შესაძლებელი იქნება, როგორც ბიზნესის კეთება, ასევე მგზავრების უფლებების დაცვა. თვლის, რომ სანამ მგზავრობის ღირებულება იქნება დაბალი მომსახურების დონეც ვერ გაიზრდება.
იმისთვის, რომ სფეროში დასაქმებულმა პირებმა და მომხმარებლებმაც თავი ადამიანებად იგრძნონ, ევროკაშირთან ასოცირების შეთანხმება ქვეყანას ტრანსპორტთან დაკავშირებით რეგულაციების დახვეწას თხოვს. ასოცირების შეთანხმების 293-ე მუხლში ვკითხულობთ, რომ საჭიროა: „მდგრადი ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარება, რომელიც მოიცავს ტრანსპორტის ყველა ტიპს, განსაკუთრებით, ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიანი და უსაფრთხო სატრანსპორტო სისტემების უზრუნველყოფისა და ტრანსპორტის სფეროში აღნიშნული საკითხების პოლიტიკის სხვა სფეროებში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით“.
სანამ ტრანსპორტის საკითხი ეფექტურ რეფორმას ელის, ერთი შეხედვით, ვხედავთ ჩაკეტილ წრეს, სადაც ყველა მხარე უფრო მსხვერპლს ჰგავს, ვიდრე დამნაშავეს. 

მანონ ბოკუჩავა
liberali.ge


Comments