რას აკეთებენ არჩეულები ?!


„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი - KKPRESS.GE" დაინტერესდა, რა სამუშაო შეასრულეს ამ დროისთვის რეგიონის არჩეულმა მაჟორიტარებმა. ამჯერად ვსაუბრობთ, რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ბეგაძესთან.

რა სამუშაო შეასრულეთ ამ დროისთის? რა საკანონმდებლო ინიციატივები გქონდათ?

მე ვფიქრობ, ეს საქმიანობა არის ძალიან საპასუხისმგებლო. ასეთი გამოთქმა არსებობს „იჩქარე ნელა." საკანონმდებლო ინიციატივაც და საერთოდ აქტივობებიც თანმიმდევრულ პროცესშია ჩართული. ვამზადებთ ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივასაც და მთლიანად ქალაქისთვისაც გვაქვს სხვადასხვა ინიციატივები. ასე ვთქვათ ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით ამ პროცესებს.


გაწერილი გვაქვს 2017 წელს რა უნდა გავაკეთოთ, 4 წლის განმავლობაში რა უნდა გავაკეთოთ - არ ვჩქარობთ, რომ ეს გავასაჯაროოთ. ჩვენ სამუშაო გეგმის მიზანი გახლავთ, რომ რუსთავი მაქსიმალურად თანამედროვე ქალაქად ვაქციოთ.

შეგვიძლია, მცირე კონკრეტიკა შევიტანოთ, მაინც რა საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობთ? და ქალაქისთვის რას გეგმავთ?

მოდით ესე ვისაუბროთ ამ საკითხზე, მე რუსთავის მაჟორიტარი ვარ, მაგრამ ვარ ამავე დროს საქართველოს პარლამენტის წევრი და ყველა ინიციატივას და ყველა საკანონმდებლო ცვლილებას სჭირდება თანმიმდევრულობა, რაც ჩვენ ქვეყანაში, გარკვეულ წილად, არ გვაქვს. ვფიქრობ, დღეს ჩვენ პარლამენტში ის საკანონმდებლო ინიციატივებია, რაც ამ ეტაპზე არის საჭირო.

არ მიყვარს ხოლმე, როდესაც მესაუბრებიან და თან რეალურად (კონკრეტულს) არაფერს მეუბნებიან..

დადგება დრო, როცა უკვე ვისაუბრებთ საკანონმდებლო ინიციატივებზე და პარლამენტშიც შევიტანთ.

თქვენ, როგორ ფიქრობთ, რა საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო? მე როგორც ვიცი, თქვენ განათლების მიმართულებით ხართ გარკვეულ საკითხებში ჩართული. თუნდაც. ამ სფეროში რა ხარვეზებს ხედავთ, რა არის შესაცვლელი?

არა, მე გახლავართ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში, განათლების კომიტეტში არ ვარ. ამ მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებზე მე არ ვისაუბრებდი, მაგრამ გეტყვით, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ ქალაქში. ეს მიმართულებებია: ინფრასტრუქტურა, განათლება და ეკოლოგია.

ჩვენ ასე ვთქვათ, ამ მიმართულებებს ვშლით. ეს შეიძლება არ იყოს საკანონმდებლო ინიციატივის ფორმატში, მაგრამ ქალაქში გამოვდივართ ინიციატივით ადგილობრივ თვითმმართველობასთან, რათა ამ მიმართულებებს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ. ვთავაზობთ, ამ მიმართულებით თუ რა უნდა გააკეთონ.

რა შეთავაზება გქონდათ, ამ ბოლო პერიოდში, თვითმმართველობასთან?

არ დამავიწყდეს ჩამონათვალში, ელემენტარული თემაა თითქოს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალაქში წელს მაინც გაკეთდეს ფირნიშები. მოგეხსენათ პარლამენტის წევრი არ უნდა ერეოდეს თვითმმართველობის საქმიანობაში და ჩვენც არ ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ კომპეტენციას ცდება. ვეხმარებით თვითმმათველობას და ინიციატივებით შევდივართ. მაგალითად ერთ-ერთი ინიციატივა არის მიმართულების ბოძების მოწყობა. რუსთავში ასევე არ არის ტრანსპორტის პარკირების ადგილები დახაზული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ქალაქს აკლია ასეთი რაღაცეები. ასევე გვინდა, რომ მეტი შინაარსი და დატვირთვა მიეცეს სკვერებს. გვინდა დამატებითი დატვირთვა ქონდეს ლეონიძის სკვერს, სადაც სკამების და ხეების მეტი არაფერია. უნდა გახდეს უფრო აქტიური დასვენების ადგილი. ჩვენ ეს ინიციატივები გადავუგზავნეთ რუსთავის მერიას.

თქვენ ინიციატივებზე, პირველი რაც მახსენდება ტრანსპორტთან დაკავშირებული თემაა. (აღნიშნული მაჟორიტარი გამოვიდა ინიციატივით, რუსთაველი სტუდენტებისთვის თბილისის მიმართულებით გადაადგილებისთვის დაინიშნოს ავტობუსები. ამ დროისთვის, თბილისის მიმართულებით მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით/სამარშუტოებით ხდება)  ამ საკითხზე, ინიციატივის გაჟღერების შემდეგ,  კითხვები გამიჩნდა, რადგან ინიციატივის გაჟღებისას არ იყო კონკრეტიკა:  ვისთან შეთანხმდა? რა ეღირება? როდის იქნება? მაინტერესებს, რატომ აკლდა ინიციატივას კონკრეტიკა, თქვენ საწყის ეტაპზე ხართ ამ საკითხზე მუშაობის?

იცით რა, ეს არის ინიციატივა, რომელსაც ჩვენ მკაფიოდ ვხედავთ როგორი იქნება, მაგრამ ამ ინიციატივას სჭირდება თავისი ეტაპები. თავიდანვე გითხარით, რომ რაღაც მოვლენებს არ მინდა გავუსწროთ. მოლაპარაკებები მიდის ყველა იმ უწყებასთან ვინც ამ ეტაპზე უნდა იყოს ჩართული. ჩვენ ორი დღის წინ, უკვე გავუგზავნეთ შესაბამისი წერილი ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს, რათა  ამ ინიციატივაზე მათი მხრიდან ინიცირების ნაბიჯები გადაიდგას უკვე. ეხლა ჯერი ქალაქზე  და საკრებულოზეა, რათა პირველი ნაბიჯები გადაიდგას. ამას უკვე მოყვება შემდეგი ნაბიჯები და პროცესი დასრულდება.

ანუ იმის თქმა გადაჭრით, რომ ასეთი ალტერნატიული ტრანსპორტი ნამდვილად შეიქნება, ჯერ ნაადრევია? ამას გეკითხებით, რადგან ეს ეტაპები რაზეც ისაუბრეთ არაა გავლილი.

თუ ყველაფერს სწორად დავგეგმავთ და ვიქნებით თანმიმდევრულები ეს პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან სხვა გზა არ არის. ეს გამომდინარე იქიდან, რომ არსებობს ორი ქალაქი, რომელიც ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან და ქვეყანაც, ადამიანებიც იმსახურებენ იმას, რომ ქალაქებს შორის მოძრაობდნენ ავტობუსები. ეს ამოცანა დავისახეთ და მაქსიმუმს  გავაკეთბ იმისთვის, რომ ეს შესრულდეს. ეს არის მიღწევადი და ძალიან ლოგიკური თემა.

ალბათ, კონკურსი იქნება გამოსაცხადებელი, ვფიქრობ შეისწავლიდით, როგორ ხდება ასეთი საქმეები?

რას ქვია კონკურსი?

შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო კონკურსი მგზავრთა განაყვანისთვის, სადაც ჩაერთვებიან სხვადასხვა კერძო კომპანიები. ცხადია, ჯერ იქნება შესაბამისი საკონკურსო პირობები მისაღები.

მე არ ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია იყოს კერძო რომელიმე სატრანსპორტო კომპანია.

ანუ მუნიციპალურ დონეზე გეგმავთ?

დიახ.

რუსთავის ბიუჯეტმა უნდა იაღოს ეს ვალდებულება?

ეს უკვე სამუშაო პროცესში გამოჩნდება. ეს შეიძლება იყოს რენტაბელური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც ჩაჯდება ერთი, ან მეორე ქალაქის აქტივობების გეგმაში.  

ბიუროს მუშაობაზე, რომ ვისაუბროთ.. მოსახლეობასთან გაქვთ შეხვედრები, რა პრობლემებზე საუბრობენ?

ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა არის უმუშევრობა. ჩემთვის ეს არის ძალიან სერიოზული საფიქრალი, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ  აქტიურად ვიმუშაო დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში. ვმუშაობთ იმისთვის, რომ არამხოლოდ რუსთავში, მთელ ქვეყანაში ჩვენმა მოქალაქეებმა იპოვონ თავიანთი ადგილი. ამ საკითხში ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების მიმართულება, რადგან სწორედ აქედან იწყება პრობლემის მოგვარება. განათლების კომპონენტი არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი.

თქვენ კოლეგას, პაატა მხეიძეს (რუსთავის მაჟორიტარი) აქვს რუსთავის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონად ქცევის იდეა.  ეს რამდენად რეალისტურია თქვენი აზრით?

არსებობს კანონი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შესახებ. ეს არის ძალიან კარგი საშუალება იმისთვის, რომ სხვადასხვა ადგილებში გაჩნდეს ისეთი ოაზისები, სადაც ახალი საწარმოები გაიხსნება. ამის მთავარი დადებითი კი ისაა, რომ ამ საწარმოებში ადამიანები დასაქმდებიან.

გარემოს დაცვის კუთხით,  რამდენად შეიძლება ეს იყოს კარგი იდეა? რადგან  ჩვენ ვიცით, რომ საწარმოების დიდი ნაწილი ხშირად, არღვევს გარემოს დაცვით ნორმებს.

მათ უნდა დაიცვან ეს ნორმები, შესაბამის კანონმდებლობაში გაწერილია ეს რეგულაციები. 

ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფარული მოსმენების კანონპროექტზე გკითხავთ. მე რამდენადაც ვიცი, თქვენ თანხმობა გაქვთ მიცემული.

დიახ, თანხმობა მივეცი. მესამე მოსმენით დასრულდა

რამ განაპირობა თქვენი თანხმობა?

განაპირობა იმან, რომ ჩვენ სრულად გავეცანით ამ კანონპროექტს. მასში შევიდა ძალიან ბევრი პროგრესული ცვლილება, თვითონ მსჯელობის პროცესშივე. ეს ემსახურება ქვეყნის და ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოებას.

და ბოლოს თქვენთან დაკავშირებულ მედიაში გასულ ერთ ინფორმაციაზე გკითხავთ. საუბარია სტატიაზე უმრავლესობაში მყოფ 37 მილიონერ დეპუტატაზე, სადაც ერთ-ერთი თქვენც ხართ. როგორ შეაფასეთ ეს მომენტი, ხომ არ ჩათვალეთ, რომ თითქოს რაღაცაში გამოგიჭირეს?

არა არ გამომიჭირეს. სიმართლე გითხრათ, პირველი ჩემი ემოცია იყო ღიმილი, ახლაც მეღიმება ამ თემაზე.  ყველაფერი, რაც ჩემ პირად საკუთრებაშია, ასახულია ჩემ დეკლარაციებში.

და ეს როგორი მომენტია, თქვენი აზრით, როგორ უყურებს საზოგადოება ამდენი მილიონერის ყოფნას პარლამენტში?

მე ძალიან გამიხარდება, რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან ბევრი მილიონერი და მილიარდერი იყოს. ძალიან გამიხარდება, თუ ყველას ექნება იმდენი ფინანსური რესურსი, რომ თავისი ოცნება აისრულოს.

ფოტოს წყარო: მაჟორიტარის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში facebook


მანონ ბოკუჩავა

Comments