„ოცნების“ კანდიდატების წარდგენა - „საკუთარი სურვილით“ წალკიდან, მარნეულიდან, გარდაბნიდან ჩამოსული ადამიანები (+ვიდეო)


დღეს, რუსთავში „ქართული ოცნების“ კანდიდატები წარადგინეს. ოფიციალური ღონისძიება დღის მეორე ნახევარში დაიწყო, თუმცა დილიდან ქალაქში ავტომობილების უჩვეულო სიმრავლე იყო. ადამიანები რუსთავში, წარდგენის ღონისძიებისთვის, ქვემო ქართლის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ჩამოვიდნენ (ან ჩამოიყვანეს). მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის მეორე სკოლის პედაგოგოები გვიხსნიდნენ, რომ უქმე დღე  „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარი ნებით „დათმეს“ და დასვენების ნაცვლად რუსთავს ესტუმრნენ.


პირად საუბრებში, ღონისძიებაზე ჩამოსულთა ნაწილი აცხადებდა, რომ გრძელი გზის გამო, რომელიც რუსთავამდე გამოიარეს - დაიღალნენ, მოშივდათ და შესცივდათ კიდეც.
პარტიულ ღონისძიებებზე საჯარო უწყებებში მომუშავეთა მობილიზება, წლების განმავლობაში, ყოფილი მმართველი გუნდის პრაქტიკას წარმოადგენდა. დღეს მსგავსი ბრალდებები, ოპონენტების მხრიდან, უკვე მოქმედი მთავრობის მიმართ ისმის.   


  
(განმარტება: ქალბატონი, რომელიც ვიდეოში საუბრობს, რომ საბავშვო ბაღში მუშაობს, მოგვიანებით განმარტავდა, რომ დასაქმებულია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში და ღონისძიებას საკუთარი სურვილით ესწრება) 


მანონ ბოკუჩავა

Kvemokartli.ge  მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით

Comments